IremaMari (iremamari) wrote,
IremaMari
iremamari

საქართველო განტევების ვაცის ძიებაში (წერილი პირველი)

1. ვაჟა ფშაველას თემი  და ნიცშეს ჯოგი
 
     ამბის დასაწყისში  ,,დავლათიანი,, , ,,საფიხვნოს თავში მჯდარი,, ალუდა ქეთელაური, რომელსაც ,,სიტყვა მაუდის გზიანი,,  და მის ამ გზიან სიტყვას თემიც მოწიწებით უსმენს, ამბის დასასრულს, თემიდან მოკვეთილი,  ოჯახთან ერთად თოვლიან ბილიკს მიჰკვალავს, მიდის უხმოდ გაურკვეველი მომავლისკენ, ისე რომ არ იცის, ოდესმე თუ კიდევ ეღირსება მშობლიური ადგილ–გარემოს ნახვა. დედა და ცოლი ბავშვებთან ერთად  ტირილითა და ვიშით მიჰყვებიან, როგორც ჩანს ისინი, ,,დიაცნი,,, არც მათ გამძევებელ თემს აკლებენ წყევლა–კრულვას. ამის გამოა რომ გაბრაზებული ალუდა მათ მოუბრუნდება და მკაცრად აფრთხილებს, ,,დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა!,, თემს ნუ სწყევლით, ღმერთი არ განარისხოთო.     რატომღა იცავს იმ თემს ალუდა, რომლის ადათ–წესების წინააღმდეგ თვითონვე მიდის ,,ურჯულო,, მუცალის სულის საცხონებლად საკლავის შეწირვით? თუ თემი და მისი მორალი ასე საკრალურად, ასე წმინდად მიაჩნია, რატომღა შელახა თემის მორალი და ადათი? მხოლოდ მუცალის ვაჟკაცობით მოხიბლულმა, აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა? არა, ვაჟა–ფშაველას პოემის შინაარსიდან გამომდინარე ამას ვერ ვიტყვით...
 რატომღა იცავს იმ თემს ალუდა, რომლის ადათ–წესების წინააღმდეგ თვითონვე მიდის ,,ურჯულო,, მუცალის სულის საცხონებლად საკლავის შეწირვით? თუ თემი და მისი მორალი ასე საკრალურად, ასე წმინდად მიაჩნია, რატომღა შელახა თემის მორალი და ადათი? მხოლოდ მუცალის ვაჟკაცობით მოხიბლულმა, აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა? არა, ვაჟა–ფშაველას პოემის შინაარსიდან გამომდინარე ამას ვერ ვიტყვით...
     წერილის დასასრულს ვეცდები ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, მანამდე კი  დღევანდელ საქართველოს გადავხედოთ და დავსვათ კითხვა:  ,,გვინდა თუ არა საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობა?,, დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ამ კითხვას დადებითად უპასუხებს: ,,გვინდა!,, დარწმუნებული ვარ იმაშიც რომ  ამის შემდეგ, როცა ვიკითხავთ თუ ,,როგორი სახელმწიფო გვინდა?,, გამოკითხულთა აზრები გაიყოფა...
     დღევანდელი პოლიტიკური პარტიები იმის ნაცვლად რომ საქართველოს მოსახლეობის აზრთა ამ სხვადასხვაობაზე აკეთებდნენ აქცენტს, იმის ნაცვლად რომ ხალხის ამა თუ იმ ჯგუფის ინტერესებს და სურვილს გამოხატავდნენ და, რაც მთავარია, მათ აჩვენებდნენ გზას შესაძლებელია თუ არა ასეთი (ან ისეთი) საქართველოს აშენება (თუ შესაძლებელია – როგორ, თუ არაა შესაძლებელი – რატომ), მათი პოლიტიკური ოპოზიცონერობა ერთ მარტივ განცხადებამდე ,,ასეთი საქართველო არ გვინდა!,, ან უფრო უარესი, ,,სააკაშვილის ხელისუფლება არ გვინდა!,,ზე დადის! საქართველოში არ არსებობს პოზიტიური ოპოზიცია! ,,პოზიტიურში,, ,,კარგს,, არ ვგულისხმობ! არამედ ოპოზიციას, რომელიც რაიმეს დაწუნების პარალელურად, იმასაც შემოგვთავაზებდა, იმასაც აგვიხსნიდა, ამ ,,რაღაცის,, უკეთ გაკეთება როგორ შეიძლება. ამ მხრივ, როგორც არ უნდა წინააღმდეგობრივი მოგეჩვენოთ ეს, საქართველოს მართლამდიდებლური კლერიკალობა და მათი მიმდევრები ,,პოზიტიურები,, არიან: რაღაც ცხოვრების წესს, თუნდაც უადგილოს, რეაქციულს  გვთავაზობენ... მათი ,,აზროვნების,, ნაყოფს...  არა, ეს აზროვნების ნაყოფი არაა, მაგრამ... რაღაც ცხოვრების წესს ხომ გვთავაზობენ და ამის მისაღწევად ,,გზასაც,, გვთავაზობენ... იქნებ შემედავოთ რომ ყოველ პარტიას აქვს მისი, ან ასეთი, ან ისეთი საქართველოს აშენების დეტალური პროგრამა და რომ მე უბრალოდ ამ პროგრამებს არ ვიცნობ? კი ბატონო, შეიძლება აქვთ, მაგრამ საქმეც მაგაშია რომ, თუ კი მე, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებით ისე თუ ასე  დაინტერესებული მოქალაქე არ ვიცნობ ამ პარტიების აღმშენებლურ პროგრამებს, დედაჩემს, რიგით პენსიონერს და უამრავ სხვა რიგით მუშას, გლეხს თუ უმუშევარს საიდან ეცოდინება? რატომ ეს პარტიები და მათი ლიდერები მათთვის ეთერში დათმობილ დროს, ან მიტინგებს იმისთვის არ იყენებენ რომ ამ ,,ახლებური,, ,მათთვის სასურველი საქართველოს მშენებლობის გზებზე ილაპარაკონ დეტალურად, ჩემთვის და ზოგადად ხალხისთვის გასაგებ ენაზე?   დღევანდელი ოპოზიციონერების უმრავლესობის გამოსვლებიდან, მათი განცხადებებიდან მე, რიგით მოქალაქეს, მხოლოდ ერთი დასკვნა გამომაქვს: ,,ოპოზიციონერების უმრავლესობა ამ ხელისუფლებაზე  განაწყენებული (შეიძლება სამართლიანად განაწყენებული, მაგრამ) რევანშისტების ჯგუფია მხოლოდ. ისინი მე, როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს,  არაფერ პოზიტიურს, ცალკეული პოპულისტური და არარეალური დაპირებების (უფასო წყალი თუ დენი და ა.შ.) გარდა არ მთავაზობენ...
     გასულ მაისს გამოცხადებული რევოლუცია არ შედგა. ვერშემდგარი რევოლუციის ინიციატორების განცხადებებს რომ ,,მთავრობის მიერ ხალხის დაშინების გამო არ მოხერხდა ამისთვის საკმარისი ძალის მოკრება,, მე ვერ გავიზიარებ.  ვფიქრობ რომ დღევანდელი რეჟიმით უკმაყოფილო ხალხის რაოდენობა, ან  უბრალოდ ხალხის  უკმაყოფილების დონე საკმარისი არ აღმოჩნდა რევოლუციისთვის.  საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი არაა ისე გამწარებული მთავრობაზე, როგორც თვით რევანშისტ ლიდერებს სურთ ეს წარმოაჩინონ საქართველოს შიგნით თუ გარეთ. ეს მათი სურვილია რომ ასე იყოს და  მათი სურვილი იმდენად დიდია რომ სასურველი რეალურად ეჩვენებათ. მაგრამ ესაც არაა მთავარი: კი ბატონო, ხვალ შეიძლება რეჟიმით უკმაყოფილო ხალხის რაოდენობა რევოლუციისთვის საკმარისი აღმოჩნდეს. კი ბატონო, რევანშისტების მიერ წინასწარ   მომზადებული სცენარით, ან სპონტანურად, რევანშისტებისთვის ასე სასურველი რევოლუცია  მართლაც ,, შედგეს,, და... მერე? იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერების განცხადებების მიხედვით, რომელთა მთავარი ,,პროგრამა,, ამ რეჟიმის მოშორებაა, როგორ განვსაზღვროთ ჩვენ, რიგითმა, ამჟამინდელი რეჟიმით უკმაყოფილო ადამიანებმა, რა გზას დაადგება ჩვენთვის თითქმის სრულიად უცნობი იდეებისა და ზრახვების მქონე იმ ახალი ხელისუფლების ხელში საქართველო? და ან ვინ მოვა ამ ლიდერებიდან ხელისუფლებაში?  ცუდი თუ ცუდზე უარესი ? ბედმა თუ გაგვიმართლა ცუდი მოვა,  მაგრამ გაგვიმართლებს?  რატომ უნდა შევაგდოთ კიდევ ერთხელ  რევოლუციის გაურკვეველი  ბედის სასწორზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის მომავალი? ქართულმა  პოლიტიკურმა  ოპოზიციამ, თუ ის საქართველოს მომავალზე პასუხისმგებლობას იღებს, ეს პასუხისმგებლური დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ  თავისი მოქმედებებით ეხლავე უნდა აჩვენოს. გამწარებული ხალხისთვის რევოლუციისკენ მოწოდება არაპასუხისმგებლური მიდგომაა თვით ამ ხალხის ბედისადმი, ქვეყნის მომავლისადმი.  მეტსაც ვიტყოდი, რევოლუციური გზით მთავრობის შეცვლისკენ მოწოდება (თუ კი სხვა გზით არასასურველი რეჟიმის შეცვლის მცირე შანსი მაინც არსებობს და მე მგონია რომ არსებობს) დანაშაულია...
      ახლა ისევ  თემიდან გაძევებულ ალუდას და იმ მომენტს დავუბრუნდეთ, როდესაც იგი თემის მაწყევარ ქალებს მკაცრად მიმართავს: ,, ღმერთს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ, დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა!,,
     საკუთარი ქმედების სისწორეში სრულიად დარწმუნებული ალუდაც კი მის გამძევებელ თემს არ გმობს! იგი თემს, თუნდაც ეს თემი პირადად მისი ( როგორც ცალკეული პიროვნების)  სამართლიანი ქმედების უარმყოფელი და ამ პიროვნების უსამართლოდ დამსჯელი იყოს, საკუთარ თავზე და საკუთარი ოჯახის ინტერესებზე მაღლა აყენებს. თემმა, ქვეყანამ, საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს არსებობა რათა ოდესმე იგი უკეთესი გახდეს! წინააღმდეგ შემთხვევაში არც ალუდას არსებობას, არც მის თვითგანწირვას თემის მორალის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად, აზრი არა აქვს! არა რადგან, ის რასაც ალუდა აკეთებს, – ,,ურჯულოსთვის,, საკლავის შეწირვა – წმინდა მორალური იდეალებისთვის კი არ აკეთებს, არამედ მისი ეს ქმედება სწორედ თემის სასიკეთოდ არის მიმართული. ალუდამ ალბათ ისიც იცის, ან ხვდება მაინც  რომ თემი მის ამგვარ ქმედებას ამჯერად არ მიიღებს.  მაგრამ ეს კეთდება იმ რწმენით რომ  ეს მისი ,,მანიფესტაცია,, სხვებსაც დააფიქრებს,  სხვებსაც ათქმევინებს: ,,ჩვენც ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი...,, ეს თემს წაადგება მომავალში და ამით ალუდას თვითშეწირვაც გამართლებული იქნება.
     ალუდას მიერ მოწყობილი ამ ,,მანიფესტაციის,, მომენტში კი თემი (როგორც ეს თითქმის ყოველთვის ხდება ტრადიციულ საზოგადოებაში რაიმე ახალი და მიუჩვეველი მოვლენის გამოჩენისას) მის ამგვარ გამოხდომას საკუთარი არსებობისა და თვითმყოფადობისთვის სახიფათოდ მიიჩნევს და ერთგვარი ,,ჯოგური თვითდაცვის ინსტიქტით (ფ. ნიცშე),, ახდენს მასზე ,,ჯოგურ,, რეაგირებას...
     აქ, რაკიღა ნიცშე, ეს დიდი მორალისტი(ან დიდი ანტიმორალისტი, რაც ერთი და იგივეა) ვახსენე, მოდით პიროვნებისა და საზოგადოების და მათი მორალის მიმართ  ვაჟა–ფშაველასა და ნიცშეს განსხვავებულ დამოკიდებულებაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა: ვაჟა ფშაველასთან პიროვნებისა და პიროვნული მორალის დაპირისპირება თემთან (საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან)  და თემის (საზოგადოების, სახელმწიფოს)  მორალთან, თემის უკეთესი მომავლის მიზნით ხდება, თემის მორალის  ამაღლების მიზნით, მაშინ როდესაც ნიცშესთვის ,,მორალურობა ჯოგურობის ინსტიქტის გამოვლენაა ინდივიდში,,. ვაჟა–ფშაველასთან პიროვნება ეწირება თემის კარგად ყოფნას, იმ შემთხვავაშიც კი როცა პიროვნებასთან მიმართებაში  თემი ტყუის (ისევ და ისევ ეს ,,ღმერთს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ...,,), ნიცშესთან ერი, სახელმწიფო, თემი მხოლოდ და მხოლოდ ჯოგია და მისთვის თავშეწირული პიროვნება ჰეროიკული აქტის ავტორი და ქების ღირსი კი არაა, არამედ ჯოგურ ინსტიქტს დამორჩილებული ინდივიდი, რომელსაც პიროვნული აღარაფერი, ან თითქმის აღარაფერი გააჩნია...
     როდესაც საზოგადოებრივ მორალზე ვსაუბრობ, იმაზეც უნდა მივუთითო რომ ჩემი გაგებით ცნება ,,საზოგადოებრივი მორალი,, ისეთივე ნონსენსია როგორც ,,მშრალი წყალი,,. ამიტომ საზოგადოებასთან მიმართებაში მე მირჩევნია ,,მორალი,, ,,ეთიკით,, ჩავანაცვლო. რა განსხვავებაა მორალსა და ეთიკას შორის? ამ განსხვავების საილუსტრაციოდ შარლ პეგის ფრაზა მინდა მოვიტანო კანტის მორალთან დაკავშირებით: ,,კანტის მორალს ხელები არა აქვს დასვრილი,–ირონიულად შენიშნავს შარლ პეგი– რადგან მას ხელები...  არა აქვს,,. ეს ერთგვარი ხუმრობა ძალიან სერიოზულიცაა ამავე დროს რადგან...  კანტის მორალს ნამდვილად არა აქვს ხელები.  მორალს კი რომელსაც ხელები აქვს,  ისინი აუცილებლად დასვრილი,  ქირურგის ხელებივით სისხლით დასვრილიც კი შეიძლება ჰქონდეს.  მაგრამ... ის მორალი აღარაა, არამედ ეთიკა. ზოგიერთი რამ, რაც შეიძლება  მორალური არ იყოს, ეთიკურია და პირიქით. ,,ვინმეს სიცოცხლის სანაცვლოდ სხვ(ებ)ის სიცოცხლის გადარჩენა არამორალური, მაგრამ ეთიკურია,, ამბობს ერთი თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი. ამ აზრს ვიზიარებ. თუმცა შორს წავედით და... დავუბრუნდეთ ისევ ვაჟას, ნიცშეს და ბოლოს კვლავ ჩვენს ქართულ დღევანდელობას:
     მორალისა თუ საზოგადოებრივი ეთიკის წინააღმდეგ ილაშქრებს ალუდა? ჩემთვის პასუხი ასეთია – საზოგადოებრივი ეთიკის წინააღმდეგ. სხვათაშორის იგივე პასუხია ნიცშესთან მიმართებაშიც. განსხვავება ისაა რომ ნიცშე საერთოდ უარყოფს საზოგადოებრივ ეთიკის ქრისტიანულ იუდევურ ფორმას, სუსტის სიყვარულს, როგორც ,,ჯოგური თვითდაცვის ინტიქტი,,ს გამოვლინებას ადამიანში,  ინდივიდუალიზმის ხელის შემშლელს და დამაბრკოლებელს.
     ვაჟას ალუდაც მისი თემის მოძველებული ეთიკის წინააღმდეგ ილაშქრებს, მაგრამ არა საკუთარი ინდივიდუალურობის და პიროვნულობის აღსაზევებლად (მას ეს, როგორც თემის რჩეულს და ,,საფიხვნოს თავში მჯდომს,, არ აკლია), არამედ სწორედ ამ თემური ეთიკის გასაუმჯობესებლად, მის გასაძლიერებლად, რომ თემმა შემდგომში ახალ რეალობას გაუსწოროს მზერა და გადარჩეს . თემის, საზოგადოების, სახელმწიფოს თვითიზოლირების დრო წავიდა, ეთნოცენტრიზმი და კლდეებზე შედგმული ციხე კოშკები, ,,ურჯულოთა,,  შემოსასვლელებისკენ მიმართული სათოფურებით ვეღარ დაგვიცავენ. თვითიზოლაცია უკვე სიკვდილს ნიშნავს. ალუდას მიერ ნათქვამი ,,ჩვენც ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრიან დედანი...  და ,,... ამის თქმით ვწარამარაობთ, ღვთის შვილთ უკეთეს იციან.,, ახალი საზოგადოებრივი ეთიკის დამკვიდრების მცდელობაა , ისევ და ისევ თემის (საზოგადოების, სახელმწიფოს) გადასარჩენად .  აქ მინდა მოვიტანო ციტატა ნიცშეს  « La Gaya Scienza » –დან: ,,თუ შევხედავთ ჯოგებისა და საზოგადოებების, სახელმწიფოებისა და ქვეყნების იმ მნიშვნელოვან ტრანსფორმაციებს რომლებიც ახლა ხდება და მომავალშიც მოხდება, შეგვიძლია ვიწირნასწარმეტყველოთ რომ კიდევ ბევრი განსხვავებული მორალი წარმოიშობა მომავალშიც. მორალურობა არის ინდივიდში გამოვლენილი ჯოგურობის ინსტიქტი,, (მესამე წიგნი. 116–ე  სტატია.)
     და კიდევ ერთხელ ვიმეორებ შეკითხვას, როგორი მორალი გვინდა ჩვენ, ვაჟასი თუ ნიცშესი?
     ანუ, გვინდა თუ არა ჩვენ სახელმწიფო,  საზოგადოება,  თემი,  ენობრივი და კულტურული ნიშნით გაერთიანებული ერთიანი ორგანიზმი, რომელსაც შეიძლება ზოგჯერ რიგითი ადამიანის, საზოგადოების რიგითი წევრის, ჯარისკაცი იქნება ის, მეცნიერი, პოლიტიკოსი თუ მწერალი შეიძლება შეეწიროს (ზოგიერთ შემთხვევაში კი აუცილებლადაც რომ უნდა შეეწიროს)? იდეალური იქნებოდა ის სახელმწიფო, სადაც პიროვნების თავისუფლება არანაირად არ იზღუდება, მაგრამ თვით იდეალური სახელმწიფოს, იდეალური საზოგადოების ცნებაც კი უკვე გამორიცხავს პიროვნების განუსაზღვრელ  თავისუფლებას, ამგვარი იდეალური საზოგადოება და სახელმწიფო  არასოდეს არსებულა და ვერც ვერასოდეს იარსებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ  სახელმწიფო თავის უმაღლეს მიზნად პიროვნების თავისუფლებას დაისახავს, იგი ამას, ისევ და ისევ მისი წყობის სახელმწიფოებრივი ანუ საზოგადოებრივი  ბუნებიდან გამომდინარე, ვერასოდეს ვერ მოახერხებს... აქედან გამომდინარე, ან სახელმწიფოებრიობაზე უნდა ვთქვათ უარი, ან ჩვენი პიროვნული ინტერესები დამოუკიდებელი ერის (მისი არსებობის ფორმა კი დამოუკიდებელი სახელმწიფოა) ინტერესებს რაღაც დონემდე დავუქვემდებაროთ... (მეორე წერილი ,,საქართველო და მისი განტევების ვაცები,, გამოქვეყნდება რედაქტირების შემდეგ, დაახლოებით ერთ კვირაში)

Tags: ომარ თურმანაული, პიროვნება, საზოგადოება
Subscribe

  • Post a new comment

    Error

    Anonymous comments are disabled in this journal

    default userpic

    Your reply will be screened

    Your IP address will be recorded 

  • 0 comments